ვინ არის ბელა?

ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან დადგებოდა დღე (ან ღამე) როცა ამ თემაზე წერას მოვამაბდი თავს. მხოლოდ წერაშია პრობლემა, თორემ უკვე ნახევარ წელზე მეტია რაც ჩემი სალაპარაკო თემების 70 პროცენტი მხოლოდ მას ეხება.

და ეს არის ბელა!

IMG_96261

ბელა პუდელის ჯიშის ერთი ციცქნა ძაღლია. როგორც შეატყვეთ,  სახელის დარქმევაზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან, როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე, ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება. სწორედ ასეთ მოულოდნელობას უნდა ვუმადლოდე, რომ ჩემს სახლში 8 თვის წინ ერთმა საყვარელმა ოთხფეხმა დაიდო ბინა და მას შემდეგ ჩემი ბელას სახელითაა ცნობილი მეგობრებსა და ახლობლებში.

მგონი, კარგი იდეა იქნება, შინაური ცხოველების შესახებ რომ დავიწყო პოსტების წერა. ბოლოსდაბოლოს, ამ სფეროში უკვე მრავალწლიანი გამოცდილება დამიგროვდა. ჰოდა, შემდეგ პოსტში მათი შერჩევისა და ყიდვისათვის საჭირო წინაპირობების შესახებ დავწერ. მანამდე კი ვეცდები ბელა ოდნავ უკეთ გაგაცნოთ.

ბელა ჯერ მხოლოდ 10 თვისაა, მაგრამ მისი ჯიშისათვის დამახასიათებელ ინტელექტუალურ მონაცემებს დიდი წარმატებით ამჟღავნებს. არასოდეს არაფერი გამოეპარება მის თვალთახედვას, ყურთასმენას და ყნოსვას. ღრმა ძილის დროსაც კი მუდამ მზად არის წამოხტეს და პატრონს თან გაყვეს, თუკი მან ერთი ნაბიჯით მაინც შეიცვალა ადგისამყოფელი. ასევე, ყოველთვის ახერხებს, პატრონს ჩაუჯდეს საკვების წილში, ზოგჯერ ოთახიდან გაგდების რისკის ფასადაც კი. ყველაზე მეტად ეზოში სეირნობა, სირბილი და პეპლების დევნა უყვარს. კატასტროფლად ეშინია კატების, სხვა ძაღლების და ქარში მოფრიალე პოლიეთილენის პარკების.

მგონი, ამ პოსტის მერე შორიდან მაინც იცნობთ ბელას და გარკვეული წარმოდგენა გაქვთ მის შესახებ. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მომდევნო პოსტებს დაელოდოთ და მისი ინსტაგრამის გვერდი დაათვალიეროთ.

ველოსიპედი

bicycle-artwork

დღეს ჩემი ველოსიპედი დავშალე და კარადაში შევინახე.

მაინც ტყუილად იდგა 3 წელი. ჰო, მგონი ბოლოს მართლა 3 წლის წინ გავიყვანე გარეთ და მას შემდეგ მისაღებ ოთახში, დივანის უკან დავაბინავე. ინტერიერის დიზაინში შეტანილ ამ ცვლილებას უკვე ოჯახის წევრებიც შეეჩვივნენ და აღარც სტუმრებს უკვირთ, მაგრამ…

ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. მგონი, მას შემდეგ ასე ცუდ ხასიათზე არ ვყოფილვარ. გარეთ ძალიან ციოდა და ქარიც ქროდა, მაგრამ ცუდ ხასიათს აყოლილმა და საქმეგამოლეულმა მაინც დავავლე ჩემს ველოსიპედს ხელი და გარეთ გავედი. ბევრი არ მივლია. ტელეფონი მალე დამიჯდა და სახლში ამოვედი (GPS ტრეკერის გარეშე შორს წასვლა მეშინოდა). ჰოდა, ალბათ უამინდობამ თავისი გაიტანა და იმ საღამოს წელი ისე გამიშეშდა, აღარც მეგონა თუ ოდესმე კიდევ შევძლებდი ფეხზე დადგომას.

ახლა იმის მტკიცებას ხომ არ დავიწყებ, ტკივილი რა საშინელი რამეა, მაგრამ მე მართლა 3 წლის წინ მივხვდი. აზრზე რომ არ ხარ როდის გაგივლის და თანდათან უფრო და უფრო მეტად გითრევს. ფიზიკურ ტკივილს დრო ხომ ვერ არჩენსს? ვერც დამალავ და ვერც ყურადღებას გადაიტან. ყველაფრის გამკეთებელი ხარ, ოღონდ დამთავრდეს (ნემსისაც კი)! და ამ დროს ხვდები, რა იდიოტი იყავი რამდენიმე საათის წინ, როცა არაფერი გტკიოდა და მაინც ცუდ ხასიათს აკვლევინებდი თავს.

დღეს ჩემი ველოდიპედი დავშალე და კარადაში შევინახე.

ქარში სეირნობა არ შეიძლება!

პროკრასტინაცია ჩვენი არსობისა

წუხელ გვიანობამდე ვერ დავიძინე. თითქოს არაფერი მჭირდა, არც ბევრი ყავა დამილევია, არც მეზობლები ხმაურობდნენ და არც ეზოს  ძაღლები მაწუხებდნენ ყეფით, მაგრამ მაინც ვერ მოვისვენე. ავიღე ტელეფონი და ფეისბუქის სქროლვა დავიწყე. ბევრი ვსქროლე თუ ცოტა, ნატალიას გაზიარებულ პოსტის ლინკს მივაგენი. ჰოდა, გავიხსენე ძველი დრო, როცა ბლოგებს ჯერ კიდევ ვკითხულობდი და Wonderland-ზე გადავედი. საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ პოსტის მეშვეობით ღამის სამ საათზე გავიგებდი სიმართლე ჩემი თავის შესახებ. რა სიმართლეს? იმას, რომ ავად ვარ. ჩემს ავადმყოფობას პროკრასტინაცია ჰქვია.

marie-vorlander-1

პროკრასტინაცია (იგივე სტუდენტის სინდრომი) არის ადამიანის ჩვევა, გადადოს მნიშვნელოვანი საქმეები და აკეთოს სისულელეები. ნუ, მთლად სისულელეებიც არა, მაგრამ ნაკლებად პრიორიტეტული საქმეები, რომლებიც არსად გაგექცევიან და მათი შესრულების გარეშეც მშვენივრად იბრუნებს დედამიწა.

K-Soderquist---Uppskjutarbeteende-WEBBდავიწყე თუ არა ამ თემაზე ფიქრი, ისევ პროკრასტინაციამ შემომიტია. ვიფიქრე, დავგუგლავ, იქნებ განკურნების საშუალებებს მივაგნო-მეთქი, მაგრამ ამის ნაცვლად რაც გავაკეთე, ამინდის პროგნოზის საიტზე შესვლა იყო. ბოლოს იმის გახსენება დავიწყე, როდიდან მჭირს ასე და მივხვდი, რომ ყოველთვის ასე ვიყავი. გამოდის, რომ მდგომარეობა უიმედოა. ისღა დამრჩენოდა, ამ ამბისთვის დადებითი მხარე მომეძებნა და ვიპოვე კიდევაც, თანაც ძალიან ბევრი: საბოლოოდ დავასკვენი, რომ პროკრასტინაციის გარეშე ჩემი ჰობიების 90 პროცენტი საერთოდ არ იარსებებდა. არ მექნებოდა წაკითხული ძალიან ბევრი წიგნი (რომლებსაც საგამოცდო კონსპექტების ნაცვლად ვკითხულობდი ხოლმე), არ მეცოდინებოდა ბევრი ისეთი რამ, რაც კაცმა რომ თქვას, აზრზე არ ვარ საიდან და რატომ  ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ოდესღაც ძალიან ჩავუღრმავდი მათში გარკვევას (ალბათ იმ დროს აბიტურიენტი ვიყავი ან ჰაგიოგრაფიას გავდიოდი) და გავერკვიე კიდევაც. საბოლოოდ კი იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველა გენიოსის შემოქმედების თავი და თავი პროკრასტინაციაა! აბა რა ევაშლებოდა ისააკ ნიუტონს, დაფიქრებულა ვინმე? ალბათ უამავი საქმისგან თავის ასარიდებლად ხის ძირას ჩამოჯდა. მერე ვაშლი დაეცა, რომელზეც ბევრი იფიქრა და ასე მოხდა სასწაულიც. ან არქიმედემ როგორ აღმოაჩნა თავისი კანონი? როგორ და უამრავი დავალების მიუხედავად აავსო აბაზანა და შიგნით მოკალათდა. საერთოდაც, თანამედროვე ბიზნესმენების წარმატების საიდუმლოზე დაფიქრებულა ვინმე? სკოლიდან გამოსვლა, მოვალეობებისათვის თავის არიდება და გარაჟში ჩხირკედელაობა.

დაბოლოს. არ ვიცი, უცხოური წყაროები რას წერენ  განკურნების საშუალებების შესახებ, მაგრამ მე ძალიან მარტივი გზა გამოვნახე: უნდა გაიჩინო ყველაზე რთული და აუტანელი ვალდებულება, რომლისთვის თავის არიდების მიზნით ამქვეყნად ყველაფერს გააკეთებ. 🙂

ტრავოლტას გიფი

რა უცნაურია… ჯერ კიდევ წუხელ, ძილის წინ, მშვენივრად ვიცოდი რის დაწერას ვაპირებდი. ახლა კი ტრავოლტას გიფივით შემოვედი აქ თვალებს ვაცეცებ.

კარგი, რამეს მოვიფიქრებ.

nothing

საზაფხლო შვებულების ბოლო დღეებს ვითვლი. “საზაფხულო” ჰქვია, თორემ სინამდვილეში შემოდგომაზე დაიწყო. ბოლო დროს ვფიქრობ, რომ შვებულებისთვის სეზონს არავითარი  მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, იმ დროს დაამთხვიო, როცა ყველაზე მეტად ხარ დაღლილი და არავის დანახვა აღარ გინდა. ჰოდა, წელს საკმარისზე მეტად დავიღალე. დაღლა ერთი მხხრივ კარგიცაა. ემოციები გისუსტდება და წვრილმანებზე აღარ გეფიქრება. მეორე მხრივ კი ატყობ, რომ სასიცოცხლო რესურსები ნულისკენ იწევს თუ დროზე არ გაჩერდი, შეიძლება ძალიან მარტივად მოკვდე. თუმცა,  ამის სათქმელად არ დამიწყია ამის წერა. Continue reading

“შავი პარასკევი” თბილისში

არსებობს ამქვეყნად ვინმე, ვისაც შეუძლია “შავ პარასკევს” სავაჭრო ცენტრში მივიდეს და მხოლოდ ისეთი რამეები იყიდოს, რაზეც ფასდაკლება არ ვრცელდება?

კი, ეს მე ვარ! შეგიძლიათ, მიცნობდეთ.

b_1329370843457

“შავი პარასკევი” ქართულად ცოტა ავისმომასწავებლად ჟღერს, მაგრამ ოკეანის გადაღმა დიდ ზეიმთანაა დაკავშირებული. საქართველოში მადლიერების დღეს არ აღვნიშნავთ, ამიტომ შეგვიძლია მხოლოდ შოპინგს დავჯერდეთ. ჰოდა მეც გადავწყვიტე, შვებულების ბოლო დღე  შოპინგისთვის დამეთმო და სამსახურში დაბრუნებამდე ახალი რამეები მომემარაგებინა. რა თქმა უნდა, ფასდაკლებების შესახებ წინასწარ ვიცოდი, რადგან ყველა მაღაზია ერთი კვირით ადრე მიგზავნიდა SMS შეტყობინებებს. პატარა “ვიშლისტიც” შევადგინე და “თბილისი მოლში” წავედი. წავედი და ძალიანაც ვინანე.

სამუშაო საათებშიც კი (15:00-16:00) აღმაშენებლის ხეივანი იმდენად გადატვირთულია ტრაილერებითა და  დასავლეთისაკენ მიმავალი მანქანებით, რომ სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სრული განუკითხაობა სუფევს. ამას ისიც ემატება, რომ ცარიელი ტაქსები პირდაპირ პარკინგის შესასვლელთან ჩერდებიან და პოტენციურ კლიენტებს ათვალიერებენ. ამასობაში იქმდენა საცობი და ირგვლივ კი არავინაა, ვინც მოძრაობას დაარეგულირებს, ასეთ განსაკუთრებულ სიტუაციებშიც კი. ასე, სიმწრით ჩავაღწიე პარკინგის -4 სართულზე, ვარდისფერ სექციაში დავბანაკდი და სასურველ მაღაზიებს მივაშურე.

e32588eb2efd13cffed303ef44695e40რა ხდება ამ დროს მაღაზიებში? შესვლისთანავე ავიღე სასურველი ნივთები, რომელთა მდებარეობის შესახებაც წინასწარ ვიცოდი, თორემ ვერასოდეს მივაგნებდი, იმიტომ რომ ყელაფერი ერთმანეთზე ეყარა. ზომა წინასწარ ვიცოდი, ამიტომ არც გასასინჯი ოთახის უკიდეგანო რიგში მომიწია ჩადგომა. კონსულტანტის დახმარებაზეც დავიდანვე ხელი ჩავიქნიე, იმიტომ რომ ვერავინ ვიპოვე, ვისაც მომხმარებლისთვის ეცალა. ყველა მათგანი სასოწარკვეთილი სახით დარბოდა აქეთ-იქით და არეული ტანსაცმლის დალაგებას ცდილობდა. სულ ბოლოს, როცა საბოლოოდ ჩამოვყალიბდი და ფულის გადასახდელად სალაროსკენ გავემართე, მივხვდი, რომ მერჩივნა, ცხოვრებაში არაფერი მეყიდა, ოღონდ იმ რიგში არ ამომხდომოდა სული. ჰოდა, ყველაფერი თავის ადგილას დავაბრუნე და იქაურობას მოვშორდი.

რა ვიყიდე შავ პარასკევს?

ერთი ცალი “პანდორას” ჩარმი, რომელზეც ფასდაკლება არ ვრცელდებოდა და ყოველთვის შემეძლო მისი ყიდვა, ყოველგვარი ბრძოლისა და საცობში მოყოლის გარეშე.

ერთი ცალი “ივ როშეს” შხაპის გელი, რომელიც ისედაც მქონდა, მაგრამ მარაგის შესავსებად მაინც გამომადგა.

ერთი ცალი ლორის სენდვიჩი “კარფურში”, რომელიც მანქანაში შევჭამე, სანამ პარკინგიდან გაღწევას ვცდილობდი და ნახევარი საათის განმავლობაში ვიდექი ავარიულსიგნალებჩართული მანქანის უკან, რომელიც გასასვლელ გზას კეტავდა.

აი, ასეთი “შავი პარასკევი” ვიცით ჩვენ. მეგობრის დაბადების დღის საჩუქარს კი ხვალ ვიყიდი. იმედია, რამეს მაინც დატოვებდნენ.